45



45.1.  DRC–ის სამდივნო საარბიტრაჟო სარჩელში ჩამოყალიბებული მოთხოვნების მიხედვით განსაზღვრავს  წინასწარ გადასახდელ საარბიტრაჟო ხარჯს, რაც არის მიახლოებითი თანხა, რომელიც გამიზნულია დებულების 46–ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარბიტრაჟო ხარჯის დასაფარად და უგზავნის მოთხოვნას მოსარჩელეს, რომ მან გადაიხადოს წინასწარი საარბიტრაჟო ხარჯი.

45.2.  თუ მოპასუხის მიერ შემხვედრი მოთხოვნა დაყენებულია დებულების მე–8 მუხლის შესაბამისად, DRC–ის სამდივნოს შეუძლია განსაზღვროს  წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯი საარბიტრაჟო მოთხოვნისა და შემხვედრი მოთხოვნისათვის. თუ DRC–ის სამდივნომ ამ პუნქტის შესაბამისად დაადგინა წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯები, თითოეული მხარე იხდის ხარჯების იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება მის მოთხოვნას.

45.3.   თუ საარბიტრაჟო მოთხოვნა დაყენებულია ამ დებულების მე–10 მუხლის შესაბამისად, DRC–ის სამდივნო ადგენს წინასწარ გადასახდელ საარბიტრაჟო ხარჯს, რომელიც მხარეებმა უნდა გადაიხადონ დებულებით გათვალისწინებულ ან DRC-ის სამდივნოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

45.4.  დებულების მე–12 მუხლის შესაბამისად, რამდენიმე საარბიტრაჟო საქმის  გაერთიანების შემთხვევაში და თუ წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯი უკვე განსაზღვრული იყო, მას ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯი ჩაანაცვლებს. რომელიმე მხარის მიერ ადრე გადახდილი ავანსი ჩაითვლება მხარის მიერ დებულების ამ პუნქტით გათვალისწინებული წინასწარ გადასახდელი ხარჯის ნაწილის გადახდად.

45.5.  ამ მუხლის შესაბამისად, DRC–ის სამდივნოს მიერ განსაზღვრული წინასწარ გადასახდელი ხარჯი შესაძლებელია დაზუსტდეს საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, მხარეს უფლება აქვს გადაიხადოს ხარჯის ის ნაწილი, რომელიც სხვა მხარის გადასახდელია, თუ ეს სხვა მხარე არ იხდის საარბიტრაჟო ხარჯის თავის წილს. მხარის მოთხოვნის საფუძველზე,  ტრიბუნალი ამ გარემოებას გაითვალისწინებს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანისას.

45.6.  თუ მოთხოვნილი საარბიტრაჟო ხარჯი არ იქნება სრულად გადახდილი დებულებით განსაზღვრულ ვადაში, საარბიტრაჟო სარჩელი ჩაითვლება გახმობილად. საარბიტრაჟო მოთხოვნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გახმობა დაინტერესებულ მხარეს არ ართმევს უფლებას თავიდან დააყენოს იგივე საარბიტრაჟო მოთხოვნები.

45.7. თუ დადგინდება, რომ DRC–ს არა აქვს იურისდიქცია დავაზე ან დავა ცდება არბიტრაჟის კომპეტენციას და ამის საფუძველზე შეწყდება საარბიტრაჟო პროცესი, DRC გადახდილი ავანსიდან იტოვებს 100 ლარს და დარჩენილ თანხას უბრუნებს მხარეს, რომელმაც განახორციელა ამ მუხლით გათვალისწინებული ავანსის გადახდა.

 

45.8. ამ მუხლის 45.7. გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯი არ მოიცავს სარეგისტრაციო მოსაკრებელს. სარეგისტრაციო მოსაკრებელი არ ექვემდებარება დაბრუნებას.

 

45.9.  DRC–ის სამდივნომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯის ნაწილის დასაფრად საბანკო გარანტიის ან უზრუნველყოფის სხვა ფორმების გამოყენების თაობაზე.

 

 








უპირატესობები