13



13.1.  თითოეული არბიტრი უნდა იყოს საარბიტრაჟო განხილვის მხარეებისაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და დარჩეს ასეთად მთელი საარბიტრაჟო განხილვის განმავლობაში.

13.2.  დანიშვნამდე ან დამტკიცებამდე არბიტრობის კანდიდატმა უნდა მოაწეროს ხელი დეკლარაციას, რომ მას აქვს სათანადო დრო საარბიტრაჟო დავის განხილვისათვის, არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ასევე უნდა მიუთითოს თავისი საკონტაქტო მონაცემები, რომელიც კონკრეტული დავის განხილვის პროცესში გამოყენებული იქნება გზავნილის/შეტყობინების მისაღებად. არბიტრობის კანდიდატმა DRC–ის სამდივნოს წერილობით უნდა აცნობოს ნებისმიერი ფაქტისა და გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება წარმოშვას დასაბუთებული ეჭვი არბიტრის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის თაობაზე.  სამდივნო არბიტრობის კანდიდატის ამ განაცხადს უგზავნის  ტრიბუნალის სხვა წევრებს და საარბიტრაჟო განხილვის მხარეებს. სამდივნოს შეუძლია განუსაზღვროს მხარეებს დრო მოსაზრებების წარმოსადგენად.

13.3.  არბიტრი ვალდებულია სამდივნოს,  ტრიბუნალის სხვა წევრებს და მხარეებს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირების შემდეგ წარმოშობილი ფაქტისა და გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება წარმოშვას დასაბუთებული ეჭვი არბიტრის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის თაობაზე.

13.4.  არც ერთ მხარეს ან მხარის წარმომადგენელს არა აქვს უფლება, საარბიტრაჟო საქმესთან დაკავშირებით, სხვა მხარეებისაგან ან მხარეთა წარმომადგენლებისაგან დამოუკიდებლად ჰქონდეს კომუნიკაცია ტრიბუნალთან ან არბიტრობის ნებისმიერ კანდიდატთან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანდიდატის ინფორმირება ხდება დავის ზოგადი არსის შესახებ, რათა  განხილულ იქნას საკითხი, თუ რამდენად აქვს მას სათანადო დრო საქმის განხილვისათვის, ან შესაძლებლობა იყოს დამოუკიდებელი და მხარეების მიმართ მიუკერძოებელი, ასევე, შეესაბამებოდეს საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). არც ერთ მხარეს და მის წარმომადგენელს არა აქვს უფლება, სხვა მხარეებისაგან ან მხარეთა წარმომადგენლებისაგან დამოუკიდებლად ჰქონდეს კომუნიკაცია  ტრიბუნალის თავმჯდომარეობის კანდიდატთან.

13.5.  არბიტრები ვალდებულნი არიან თავიანთი  საქმიანობა განახორციელონ დებულების, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული ,,არბიტრთა ეთიკის კოდექსის“ და მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.

13.6.  თუ მხარეებმა შეთანხმებით სხვა რამე არ გაითვალისწინეს, ტრიბუნალის ფორმირება ხდება მე–15 და მე–16 მუხლების შესაბამისად.

 








უპირატესობები