46.1. საარბიტრაჟო ხარჯი შედგება:
ა) DRC–ის სარეგისტრაციო მოსაკრებელისა და ადმინისტრაციული საზღაურისაგან;
ბ) არბიტრთა ჰონორარისა და მათი ხარჯისაგან;
გ) საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებისაგან.
46.2. DRC–ის სამდივნო განსაზღვრავს არბიტრთა ჰონორარს, DRC–ის სარეგისტრაციო მოსაკრებელს და ადმინისტრაციულ საზღაურს საარბიტრაჟო განხილვის დღეს მოქმედი ხარჯების ცხრილების (დანართი #2) მიხედვით.
46.3. არბიტრის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში DRC–ის სამდივნოს შეუძლია დაადგინოს არბიტრის ჰონორარი იმაზე ნაკლები ოდენობით, ვიდრე ეს გათვალისწინებულია წესებით.
46.4. საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე ტრიბუნალს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება იმ ხარჯებთან დაკავშირებით, რომელთა დადგენაზეც არ მიუღია გადაწყვეტილება DRC–ის სამდივნოს და დაავალოს მხარეებს მათი გადახდა.
46.5. თუ მხარეები არ შეთანხმდნენ საარბიტრაჟო ხარჯების განაწილებაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში ტრიბუნალმა უნდა განსაზღვროს საარბიტრაჟო ხარჯების ოდენობა და მიუთითოს, თუ როგორი პროპორციით ნაწილდება ხარჯები მხარეთა შორის. როგორც წესი, საარბიტრაჟო ხარჯები ეკისრება წაგებულ მხარეს, თუმცა საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია ნებისმიერი ხარჯი გადაანაწილოს მხარეებს შორის, თუ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ხარჯების ამგვარ განაწილებას ჩათვლის სამართლიანად. ტრიბუნალმა ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა მიიღოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის მხარეთა მოქმედებები იყო თუ არა მიმართული საქმის სწრაფი, მოქნილი და ნაკლებხარჯიანი გადაწყვეტის ხელშეწყობისკენ.
46.6. ამ მუხლის 46.5.–ე პუნქტის შესაბამისად გადასანაწილებელი ხარჯები შედგება:
ა) ტრიბუნალის წევრთა ჰონორარისაგან;
ბ) არბიტრთა მიერ გაწეული გონივრული სამგზავრო და სხვა ხარჯებისაგან;
გ) ექსპერტთა გონივრული საზღაურის და ტრიბუნალის მიერ გაღებული სხვა დახმარების ხარჯებისაგან;
დ) მოწმეთა სამგზავრო და სხვა აუცილებელი ხარჯებისაგან იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ეს ხარჯები მოწონებულია საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ;
ე) იურიდიული მომსახურების და სხვა ხარჯებისაგან, რომელიც გაწეულია მხარეთა მიერ საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებით, იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ტრიბუნალი მიიჩნევს მათ გონივრულად;
ვ) DRC–ის ადმინისტრაციული გადასახადისა და ხარჯებისაგან.
46.7. ტრიბუნალი უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაავალოს მხარეს ან მხარეებს დებულების 46.1. პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯის გადახდა, რომელიც მეორე მხარემ გასწია.