ონლაინ არბიტრაჟი
მუხლი 331. ზოგადი დებულებები
331.1. ამ მუხლით განსაზღვრული წესით არბიტრაჟი დავას იხილავს იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმებულნი არიან დავის ონლაინ განხილვაზე;
331.2. DRC საარბიტრაჟო განხილვის ადმინისტრირებას განახორციელებს ონლაინ საარბიტრაჟო წესების ამ თავში მოცემული იმ ნორმების შესაბამისად, რომლებიც იმოქმედებს საარბიტრაჟო განხილვის დაწყების დროისათვის.
331.3. ამ თავში მოცემულ ნორმებსა და დებულების სხვა ნორმებს შორის წინააღმდეგობისას, საარბიტრაჟო განხილვის ონლაინ წარმოების ადმინისტრირების მიზნებისათვის, გამოიყენება ამ თავში მოცემული წესები.
მუხლი 332. ,,საქმის წარმოების სისტემა“
332.1. ,,საქმის წარმოების სისტემა“, ამ თავის შესაბამისად, დავათა გადაწყვეტის მიზნით დოკუმენტების ელექტრონული წარდგენის, დამუშავების, შენახვისა და გადაცემის დაცული საინფორმაციო სისტემაა.
332.2. ,,საქმის წარმოების სისტემის“ გამოყენებისათვის მხარეებმა, არბიტრებმა და განხილვაში ჩართულმა პირებმა უნდა გამოიყენონ ,,ინტერნეტის“ გლობალური ქსელი, ამ თავის მოთხოვნათა შესაბამისად.
332.3. ,,საქმის წარმოების სისტემაში“ DRC-ის წარმოადგენს გენერალური მდივანი ან გენერალური მდივნის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი.
332.4. ,,საქმის წარმოების სისტემაში“ ჩართვის მიზნით თითოეულმა მხარემ DRC-ის ვებგვერდზე უნდა გაიაროს რეგისტრაცია მარტივი ელექტრონული ხელმოწერის გასაღებით(მომხმარებლის სახელი და პაროლი). მხარეს, შესაძლებელია, ჰყავდეს რამდენიმე წარმომადგენელი და თითოეულს სისტემაში შესასვლელად ჰქონდეს საკუთარი მომხმარებლის სახელი და პაროლი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, შესაძლებელია, საარბიტრაჟო განხილვის დაწყების ინიციატორმა მხარემ ,,საქმის წარმოების სისტემაში“ წარადგინოს განაცხადი (სარჩელი) საარბიტრაჟო განხილვის დაწყების მოთხოვნით. ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვაში ჩართულ პირებს მიეწოდებათ უნიკალური ათ (10) ნიშნა კოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დოკუმენტების წარდგენა, გაცნობა, მიღება.
332.5. თითოეული პირი, რომელიც ,,საქმის წარმოების სისტემაში“ მოქმედებს საარბიტრაჟო განხილვის მხარის სახელით, მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით, განიხილება თავდაპირველად რეგისტრირებულ პირად, ხოლო შესაბამისი მომხმარებლის სახელის,პაროლის მიმღები თითოეული პირი იდენტიფიცირდება როგორც საარბიტრაჟო განხილვის შესაბამისი მხარე. ,,საქმის წარმოების სისტემაში“ ამ პირის ნებისმიერი ქმედება განიხილება საარბიტრაჟო განხილვის შესაბამისი მხარის ქმედებად.
332.6. ,,საქმის წარმოების სისტემაში“შესაბამისი საქმე არბიტრად დანიშნული პირისთვის ხელმისაწვდომი გახდება მის ელექტრონულ ფოსტაზე სათანადო შეტყობინებისა და საქმის 10- ნიშნა კოდის მიწოდების შემთხვევაში.
332.7. ,,საქმის წარმოების სისტემაში“ დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია საარბიტრაჟო განხილვის მხარის ან მისი წარმომადგენლის მხოლოდ ელექტრონული იდენტიფიცირების შემდეგ. DRC-ის სამდივნო ამოწმებს ონლაინ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას, ხსნის და ტვირთავს “საქმის წარმოების სისტემაში“, ანიჭებს უნიკალურ ათნიშნა კოდს, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს.
332.8. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის მხარეები და მათი წარმომადგენლები პასუხისმგებელნი არიან, კონფიდენციალურად დაიცვან ,,საქმის წარმოების სისტემაში“ რეგისტრირებული ელექტრონული ფოსტა და „საქმის წარმოების სისტემაში“ შესვლისათვის საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი, ამასთან, თავად არიან უფლებამოსილნი ნებისმიერ დროს შეცვალონ მომხმარებლის სახელი და პაროლი. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი და სისტემაში რეგისტრირებული ელექტრონული ფოსტა ცნობილი გახდა არაუფლებამოსილი პირისათვის, შესაბამისმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ DRC-ის სამდივნოს. ასეთ შემთხვევაში ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერი მხარე თავადაა პასუხისმგებელი ყველა იმ ნეგატიურ შედეგზე, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს არაუფლებამოსილი პირის მიერ სისტემაში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტისა და სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებას.
332.9. იმ შემთხვევაში, თუ შეწყდება ონლაინ საარბიტრაჟო განხილვაში ჩართული პირის ,,საქმის წარმოების სისტემაში“ რეგისტრირებული წარმომადგენლის უფლებამოსილება, რეგისტრირებული პირი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ DRC-ის სამდივნოს და დანიშნოს ახალი წარმომადგენელი, რომლის რეკვიზიტებიც, მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართი, მიაწოდოს DRC-ის სამდივნოს. ამ შემთხვევაში DRC-ის სამდივნო საქმის 10- ნიშნა კოდს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნის ახლადდანიშნულ წარმომადგენელს, რათა ამ უკანასკნელს ხელი მიუწვდებოდეს ,,საქმის წარმოების სისტემაში“ არსებულ შესაბამის დოკუმენტებსა და ინფორმაციაზე.
332.10. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის თითოეულმა მხარემ სისტემატურად უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად გამართულად მუშაობს ელექტრონული ფოსტა, ასევე დაიცვას ,,საქმის წარმოების სისტემაში“ შესასვლელი პაროლის, მომხმარებლის სახელისა და საქმისათვის მინიჭებული 10- ნიშნა კოდის კონფიდენციალურობა.
332.11. ელექტრონული ფოსტის მისამართის შეცვლის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს და მიაწოდოს ელექტრონული ფოსტის ახალი მისამართი, ხოლო ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შემდეგ, ასევე, აცნობოს DRC-ის სამდივნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად მხარე იღებს პასუხისმგებლობას ყველა უარყოფით შედეგზე, რომლებიც გზავნილების ადრე მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე მიწოდებას მოჰყვება.
332.12. ამ მუხლის 332.11. პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული ფოსტის ახალი მისამართის შესახებ ინფორმაციის მიღებამდე, ,,საქმის წარმოების სისტემაში“ ადრე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებები ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერი მიზნებისათვის განიხილება მხარისათვის გზავნილის შესაბამისი ფორმით მიწოდებად. თუ მოპასუხე ფიზიკური პირია, DRC-ის სამდივნო ეცდება დავის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მოპასუხეს ხელშეკრულებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
მუხლი 333. ვადები
333.1. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის დაწყების თარიღად მიიჩნევა ,,საქმის წარმოების სისტემაში“ DRC-ის სამდივნოს მიერ ონლაინ საარბიტრაჟო სარჩელზე სარეგისტრაციო კოდის მინიჭების თარიღი.
333.2. საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე გზავნილისა და სხვა დოკუმენტების მიწოდება განიხილება ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის მიზნებისათვის სათანადო მიწოდებად და მიიჩნევა ადრესატის მიერ მიღებულად ელექტრონული ფოსტით გაგზავნის დღეს.
333.3. ვადების ათვლა იწყება გზავნილის ან სხვა დოკუმენტების ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნის მომდევნო დღიდან.
333.4. DRC-ის, სათანადო საფუძვლის არსებობისას, შეუძლია გააგრძელოს ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ვადა.
მუხლი 334. არბიტრის დანიშვნა
334.1. ონლაინ საარბიტრაჟო საქმეს განიხილავს ერთი არბიტრისაგან შემდგარი ტრიბუნალი. „საქმის წარმოების სისტემაში“ სარჩელის რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გენერალური მდივნის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან არბიტრს ნიშნავს DRC-ის სასამართლოს თავმჯდომარე.
334.2. არბიტრი, როგორც წესი, ინიშნება DRC-ის არბიტრთა სიიდან, თუმცა, შესაძლებელია, დაინიშნოს სხვა პირიც, რომელიც თანხმდება დავის დამოუკიდებლად , მიუკერძოებლად, DRC-ის საქმის წარმოების წესების, არბიტრთა ეთიკის კოდექსისა და ამ თავით დადგენილი წესების შესაბამისად განხილვაზე.
334.3. არბიტრის დანიშვნისას გაითვალისწინება:
ა) საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრის მიმართ გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) საარბიტრაჟო განხილვის ენა;
გ) გამოსაყენებელი სამართალი;
დ) დავის არსი;
ე) დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორები;
ვ) არბიტრობის კანდიდატის კვალიფიკაცია
334.4. არბიტრი ვალდებულია, დაიცვას ამ თავით და დებულებით გათვალისწინებული წესები და არბიტრთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული ,,არბიტრთა ეთიკის კოდექსის“ პრინციპები.
334.5. არბიტრის აცილების ან არბიტრის გადადგომის შემთხვევაში, არბიტრი ინიშნება 334.1 და 334.2 უნქტით განსაზღვრული წესით.
მუხლი 335. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება
335.1. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის ინიციატორი მხარე „საქმის წარმოების სისტემაში“ წარადგენს სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს PDF ფაილების სახით.
335.2. საარბიტრაჟო სარჩელში უნდა აღინიშნოს:
ა) მოსარჩელის, სხვა მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრული სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია (მათ შორის - მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი).
ბ) დავის არსი და ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაგანაც გამომდინარეობს მოთხოვნა;
გ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს;
დ) საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნ(ები)ა. თუ მოთხოვნ(ებ)ის კონკრეტული თანხით გამოხატვა შეუძლებელია, ამ მოთხოვნ(ებ)ის მიახლოებითი ფულადი ღირებულება;
ე) რამდენიმე საარბიტრაჟო მოთხოვნის შემთხვევაში, მითითება, თუ რომელი საარბიტრაჟო შეთანხმებიდან გამომდინარეობს თითოეული მოთხოვნა;
ვ) დოკუმენტების ნუსხა, რომელიც ერთვის საარბიტრაჟო სარჩელს.
საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად მოსარჩელეს შეუძლია წარადგინოს სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელთაც თავად მიიჩნევს საჭიროდ ან რომელთაც შეუძლია ხელი შეუწყოს დავის ეფექტურად გადაწყვეტას.
335.3. საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს:
ა) საარბიტრაჟო შეთანხმება, სადაც განსაზღვრული იქნება დავის ონლაინ განხილვა;
ბ) საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში);
დ) დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები, რომლებზედაც მოსარჩელე აფუძნებს მოთხოვნებს მოპასუხის მიმართ.
335.4. DRC-ის სამდივნო ამოწმებს სარჩელის წარმოდგენისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდას, რის შემდეგაც ,,საქმის წარმოების სისტემაში“ ააქტიურებს ონლაინ საარბიტრაჟო საქმის რეგისტრაციას და ,,საქმის წარმოების სისტემა“ საქმეს რეგისტრაციასთან ერთად ანიჭებს 10 - ნიშნა უნიკალურ კოდს. DRC, საქმის რეგისტრაციის დღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს დადგენილებას ონლაინ საარბიტრაჟო საქმის წარმოებაში მიღების შესახებ, უთითებს, რომ დავა განიხილება ონლაინ, უთითებს დანიშნული არბიტრის რეკვიზიტებს, საქმისათვის მინიჭებულ 10- ნიშნა კოდს და აგზავნის საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ და/ან მოსარჩელის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე, რაც განიხილება საარბიტრაჟო განხილვის მხარეებისათვის გზავნილის სათანადო წესით მიწოდებად.
335.5. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელი არ აკმაყოფილებს დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, DRC ადგენს ხარვეზს და არ ანიჭებს საქმის წარმოების სარეგისტრაციო კოდს, სანამ ხარვეზი არ აღმოიფხვრება. თუ სარჩელის წარდგენასთან დაკავშირებით დადგენილი ხარვეზი არ გასწორება 30 დღის ვადაში, DRC უარს ეტყვის მხარეს საქმის მიღებასა და რეგისტრაციაზე, ხოლო მხარეს დაუბრუნდება გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 90%. აღნიშნული მხარეს ხელს არ უშლის, თავიდან წარადგინოს სარჩელი.
მუხლი 336. შესაგებელი
336.1. მოპასუხე ვალდებულია, DRC-ის მიერ 335 მუხლის 335.3. პუნქტის შესაბამისად, საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შესახებ ელექტრონულ ფოსტაზე გზავნილის მიწოდებიდან 10 დღის განმავლობაში, წარადგინოს საარბიტრაჟო სარჩელზე შესაგებელი. არბიტრს მოპასუხის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია ამ ვადის გაგრძელება.
336.2. შესაგებელში უნდა აღინიშნოს:
ა) მოპასუხის და მისი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (მათ შორის- მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
ბ) მოსაზრება საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნასთან (მოთხოვნებთან) და იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიდანაც გამომდინარეობს დავა;
გ) დოკუმენტების ნუსხა, რომელიც ერთვის შესაგებელს.
მოპასუხე ვალდებულია, შესაგებელთან ერთად წარადგინოს ინფორმაცია და დოკუმენტები იმ კონკრეტული ფაქტებისა და გარემოებების შესახებ, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს.
336.3. შესაგებელი უნდა განთავსდეს ,,საქმის წარმოების სისტემაში“ . იმ შემთხვევაში,თუ მოპასუხე ვერ შეძლებს ,,საქმის წარმოების სისტემაში“ შესაგებლის და მტკიცებულებების განთავსებას, ის ვალდებულია, ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში მიაწოდოს შესაგებელი და თანდართული მტკიცებულებები DRC-ის სამდივნოს ელექტრონულ ფოსტაზე. info@drc.ge
DRC-ის სამდივნო მიღებულ შესაგებელსა და თანდართულ დოკუმენტებს განათავსებს ,,საქმის წარმოების სისტემაში“ (შესაბამის საქმეში).
336.4. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ დააბრკოლებს საარბიტრაჟო განხილვას.
336.5. მოპასუხეს შეუძლია, შესაგებლის წარსაგენად გათვალისწინებულ ვადაში წარადგინოს შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელი, რომელიც უნდა პასუხობდეს 335. მუხლის მოთხოვნებს. თავდაპირველ მოსარჩელეს შეუძლია, წარადგინოს შესაგებელი შემხვედრ საარბიტრაჟო სარჩელზე სარჩელის სისტემაში განთავსებიდან 10 დღის განმავლობაში, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვითა და შესაგებლის ,,საქმის წარმოების სისტემაში“ განთავსებით. ამ შემთხვევაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გათვალისწინებული ვადაც შესაბამისად გაიზრდება.
მუხლი 337. საარბიტრაჟო განხილვა
337.1. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვა მიმდინარეობს მხოლოდ ,,საქმის წარმოების სისტემაში“ ონლაინ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე და ივარაუდება როგორც ორიგინალი დოკუმენტები.
337.2. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის მხარეს შეუძლია დააყენოს შუამდგომლობა, მეორე მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ორიგინალ დოკუმენტთან შესაბამისობის თაობაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის გადაიხდის დამატებით საარბიტრაჟო მოსაკრებელს, დავის საგნის ღირებულების 0,5 %-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამგვარი განცხადების მიღების შემთხვევაში, არბიტრს შეუძლია მიიღოს ზომები ამ განცხადების შემოწმების მიზნით, მათ შორის მოითხოვოს შესაბამისი მხარისგან ორიგინალი დოკუმენტის ან მისი დამოწმებული ასლის წარმოდგენა.
337.3. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება ონლაინ საარბიტრაჟო განხილვაში წარდგენილი დოკუმენტის ორიგინალ დოკუმენტთან შეუსაბამობის შესახებ არ დადასტურდება, დოკუმენტის ნამდვილობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი დაეკისრება განმცხადებელ მხარეს მიუხედავად იმისა, თუ როგორ გადაწყდება დავა.
337.3. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება ონლაინ საარბიტრაჟო განხილვაში წარდგენილი დოკუმენტის ორიგინალ დოკუმენტთან შეუსაბამობის შესახებ დადასტურდება, დოკუმენტის ნამდვილობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი დაეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს მიუხედავად იმისა, თუ როგორ გადაწყდება დავა.
337.4. არბიტრს შეუძლია მხარეებისაგან გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, ახსნა-განმარტება ან ცალკეულ საკითხებზე პოზიციის წარმოდგენა.
337.5. ონლაინ სააბიტრაჟო განხილვაში მხარის მიერ პოზიციის წარუდგენლობა არ აბრკოლებს საარბიტრაჟო განხილვას და არბიტრს შეუძლია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიიღოს საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.
337.6. თუ მხარე, რომელსაც არბიტრმა მოსთხოვა დოკუმენტების ან სხვა მტკიცებულებების წარდგენა, არ წარადგენს მათ სათანადო საპატიო მიზეზის გარეშე, არბიტრი გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.
337.7. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვა სრულდება შესაგებლის წარდგენიდან ან წარდგენისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან მე-15 დღეს, ან არბიტრის მიერ განსაზღვრული დამატებითი ვადის გასვლისას, რის შემდეგაც საქმეში დამატებითი პოზიციების, ახსნა-განმარტების ან მტკიცებულებების მიღება არ დაიშვება.
337.8. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვა ტარდება მხარეთა მოსმენის გარეშე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.
337.9.არბიტრი უფლებამოსილია, საქმეში არსებული მასალის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ონლაინ საარბიტრაჟო საქმეზე ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ, აღნიშნულ შემთხვევაში დამატებითი საარბიტრაჟო ხარჯი არ გადაიხდება.
337.10.მხარე(ებ)ს შეუძლია დააყენოს შუამდგომლობა ონლაინ საარბიტრაჟო საქმეზე ზეპირი მოსმენის დანიშვნის შესახებ, შესაგებლის წარმოდგენიდან 5 დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, როცა მხარე ითხოვს ზეპირი მოსმენის დანიშვნას, მან ამისათვის უნდა გადაიხადოს ზეპირი მოსმენის გამართვისათვის დაწესებული დამატებითი საარბიტრაჟო ხარჯი დავის საგნის ღირებულების 1 %-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ზეპირი მოსმენის დანიშვნის საკითხს წყვეტს არბიტრი.
337.11. თუ საჭიროდ მიიჩნევს, არბიტრმა შეიძლება მხარეებს მოუსმინოს ვიდეოკონფერენციის ან ტელეკონფერენციის საშუალებების დახმარებით. გამონაკლის შემთხვევაში, არბიტრს ასევე შეუძლია, DRC-ის ოფისში ან სხვა ადგილას მოიწვიოს მხარეები და მოუსმინოს მათ.
337.12. მხარეთა მოსმენის შესახებ არბიტრმა მხარეებს უნდა შეატყობინოს მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე.
337.13. ზეპირი მოსმენის დროს, სამდივნო ახორციელებს აუდიო ჩაწერას.
337.14. საპატიო მიზეზით მტკიცებულებათა წარუდგენლობის შემთხვევაში, არბიტრს შეუძლია განაახლოს ონლაინ საარბიტრაჟო განხილვა, თუ ის მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია საქმის გარემოებათა გამოსაკვლევად.
მუხლი 338. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
338.1. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის შედეგად არბიტრმა უნდა მიიღოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით, რომელიც საბოლოოა და სავალდებულოა შესასრულებლად საარბიტრაჟო განხილვის მხარეებისათვის.
338.2. არბიტრმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მისი პროექტი ფორმალური შემოწმების მიზნით უნდა მიაწოდოს DRC-ის სამდივნოს საარბიტრაჟო განხილვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში. არბიტრის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე DRC-ის შეუძლია ამ ვადის გაზრდა, რის თაობაზეც ინფორმაცია მიეწოდებათ მხარეებს.
338.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალური შემოწმების დასრულების შემდეგ არბიტრი ვალდებულია, ხელი მოაწეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას და გადასცეს DRC-ის სამდივნოს, რომელიც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ელექტრონულ ვერსიას განათავსებს ,,საქმის წარმოების სისტემაში“ და ასევე მიაწვდის მხარეებს ელექტრონულ ფოსტაზე. გენერალური მდივნის მიერ დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან საარბიტრაჟო საქმეში არსებული დოკუმენტების დამოწმებული ასლი, შესაძლოა, გადაეცეს მხოლოდ საარბიტრაჟო დავის მხარეს და მის წარმომადგენელს.
მუხლი 339. საარბიტრაჟო მოსაკრებელი
339.1. საარბიტრაჟო მოსაკრებელი ონლაინ საარბიტრაჟო დავებისათვის გათვალისწინებულია დებულების დანართი 2-ში მოცემული ცხრილით ( №2).
339.2. საარბიტრაჟო მოსაკრებელი სრულად უნდა გადაიხადოს მოსარჩელემ ,,საქმის წარმოების სისტემაში“ სპეციალური კოდის მინიჭებამდე.
339.3. მოპასუხემ შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენამდე უნდა გადაიხადოს საარბიტრაჟო მოსაკრებელი. არბიტრი არ განიხილავს შემხვედრ საარბიტრაჟო სარჩელს საარბიტრაჟო მოსაკრებლის სრულად გადახდამდე.
339.4. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებით მხარეთა მიერ გაწეული ხარჯების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას არბიტრი ასახავს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში.
მუხლი 3310. რეკომენდირებული საარბიტრაჟო შეთანხმება
3310.1. ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და შეწყვეტის შესახებ, განიხილება და საბოლოოდ წყდება ერთი არბიტრის მიერ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „დავების განმხილველ ცენტრის“ საქმის წარმოების წესების (დებულების) შესაბამისად. საარბიტრაჟო განხილვის ადგილია ქ. თბილისი DRC-ს, რომლის სარეგისტრაციო კოდია 204547348;
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას 71, მე-2 სართული, ოფისი 11.
ვებგვერდი: (WWW.DRC.GE).
მხარეები თანხმდებიან, დავა ონლაინ საარბიტრაჟო ფორმით განიხილონ.
მხარეები თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო განხილვისას, როგორც საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შესახებ ინფორმაცია, ასევე საარბიტრაჟო განხილვის პროცესში ნებისმიერი გზავნილი, შეტყობინება, დოკუმენტი მიიღონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:
1. [მხარის დასახელება], [ელექტრონული ფოსტის მისამართი].
2. [მხარის დასახელება], [ელექტრონული ფოსტის მისამართი].
მხარეები ვალდებულებას იღებენ, მუშა მდგომარეობაში შეინარჩუნონ მითითებული ელექტრონული ფოსტა, რეგულარულად შეამოწმონ და, ასევე, არაუფლებამოსილ პირებს არ გამოაყენებინონ ის.
იმ შემთხვევაში, თუ მხარე ცვლის ელექტრონული ფოსტის მისამართს ან ვერ იყენებს მითითებულ ელექტრონულ ფოსტას, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მეორე მხარეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო, თუ საარბიტრაჟო განხილვა დაწყებულია, ასევე აცნობოს DRC-ის სამდივნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა იმ ნეგატიურ შედეგზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების/გზავნილის გაგზავნამ.
ელექტრონული ფოსტის შეცვლის ან მისი გამოყენების შეუძლებლობის შესახებ შეტყობინების მეორე მხარისათვის, ხოლო საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შემდეგ ასევე DRC-ის სამდივნოსათვის მიწოდებამდე, ზემოაღნიშნულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების/გზავნილის გაგზავნა განიხილება შესაბამისი მხარისათვის გზავნილის/შეტყობინების სათანადო წესით მიწოდებად ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერი მიზნისათვის.
მხარეები თანხმებიან, რომ ზეპირი მოსმენა შესაძლოა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არბიტრი მიიჩნევს აუცილებლად.